English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ვახტანგ ჭარაია
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოტივაციები და სარგებელი საქართველოსთვის

ვრცელი რეზიუმე

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით კი ეს ფაქტი განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე ჩანს, მათ შორისაა საქართველოც.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უკავშირდება ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარება როგირცაა: კონკურენტული შრომის ანაზღაურება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ბაზარზე კონკურენციის გაძლიერება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და გადასახადების გენერირება. თუმცა, არის თუ არა ეს რეალობა ცალკეულ შემთხვევებში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ ჩავატარეთ უცხოური ინვესტიციებით საქართველოში შექმნილი კომპანიების საუკეთესო 200-დან წარმომადგენლების ჩაღრმავებული გამოკითხვა.

აღნიშნული კვლევა ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებული სკოტ-კენელის მოდელს. ღომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სისტემას მიკრო დონეზე იყენებს და ითვალისწინებს ადგილობრივი აქტივების გაფართოების ტიპიურ პროცესს. აგრეთვე, შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენას დარგის განვითარებაზე, როგორც ერთ  უკიდურესობას - ანკლავური მდგომარეობიდან მეორე უკიდურესობამდე - სრულ ინტეგრაციამდე. მოდელი  კონცენტრირებულია არაპირდაპირ და პირდაპირ კავშირებზე, რომელსაც ქმნიან უცხოური კომპანიები ადგილობრივ ფირმებთან და რომელთა მეშვეობითაც შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ ადგილობრივი დარგის მოდერნიზაციაზე.

უცხოური კომპანიების მოტივაციები განსხვავებულია. აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპა სულ უფრო იზიდავს შედარებით მაღალი დამატებული ღირებულების შემქმნელ წარმოებას, რომელიც გამოირჩევა წარმოების გეოგრაფიული კონცენტრაციით, საბოლოო მწარმოებელთან სიახლოვით და ხარისხის კონტროლის მაღალი მოთხოვნით. აქ ძირითადად ეფექტიანობაზე ორიენტირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხორციელდება.

კვლევამ დაგვანახა, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოთი ძირითადად ადგილობრივი ბაზრის ათვისებით არიან მოტივირებული, მცირეა ინვესტიციები ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებში.

უცხოური ინვესტიციებით შექმნილი კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში ადგილობრივი ბაზრის ღიაობით, ბიზნესის კეთების სიმარტივით (ხშირად მოჩვენებითია) და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებებით იხიბლება. თუმცა, მედლის მეორე მხარეს ის სიკეთეები რომელიც უცხოურ ინვესტიციებს უნდა მოჰყვეს, მაგალითად ადგილობრივი კომპანიების “ჩათრევა” საერთო განვითარებაში ხშირად არსად ჩანს, ამასთან ერთად ხშირად არათუ ადგილობრივი კომპანიების ხელშეწყობას, არამედ მათი გვერდის ავლას და საჭირო სერვისების საზღვარგარეთ შეკვეთას აქვს ადგილი. არც თუ იშვიათია ადგილობრივი კონკურენტების ბაზრიდან განდევნაც (იგულისხმება კონკურენცია). უცხოურ ინვესტიციებს აქამდე არ მოჰყოლია ინოვაციების დანერგვაც საქართველოში.

მიუხედავად სხვადასხვა პოზიტიური და ნეგატიური შედეგებისა, რომელიც უცხოური ინვესტიციებს საქართველოში ახასიათებს, შეიძლება ითქვას რომ ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ეს თუნდაც იმ ფაქტიც მტკიცდება, რომ ქართულ-უცხოური წოლობრივი მონაწილეობით ან უცხოური ინვესტიციებით შექმნილი კომპანიები 2017 წლის მონაცემებით ქართული ექსპორტის 2/3-ს ქმნიდნენ.

კვლევამ გვაჩვენა, რომ მოლოდინები უცხოური ინვესტიციებისადმი საქართველოში გადაჭარბებულია და არ შეესაბამება რეალობას, თუმცა ფაქტია რომ უცხოური ინვესტიციებიდან მხოლოდ ნაწილობრივი სარგებლის მიღება არა უცხოური კომპანიების, არამედ თავად ქართული კანონმდებლობის ბრალია. 

საკვანძოსიტყვები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ინვესტიციების მოტივაციები, საქართველოს ეკონომიკა.